- იდენტურობა
- ლათ. „იგივე და იგივე“, ერთი და იგივე - ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ რეალობასა და ინდივიდუალობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს (ნაწილობრივ გაცნობიერებულად და ზოგ შემთხვევებში ქვეცნობიერადაც) ამა თუ იმ ტიპოლოგიურ კატეგორიებთან (როგორიცაა სოციალური სტატუსი, სქესი, ასაკი, ჯგუფი, კულტურა). სოციალურ მეცნიერებებში გამოყოფენ სოციალურ იდენტურობას, კულტურულ იდენტურობას, ეთნიკურ იდენტურობას, ჯგუფურ იდენტურობას... იდენტურობა (მისი შეგრძნება) ყალიბდება ადამიანის ინდივიდუალური განვითარების კვალდაკვალ და სოციალიზაციის, იდენტიფიკაციის, პიროვნული ინტეგრაციის შედეგია. ინდივიდის მიერ სოციალურ-კულტურული ნიმუშების, ნორმების, ღირებულებების ათვისება და გაზიარება, საკუთარი თავის, ადგილის მიკუთვნება არა არის ერთგვაროვანი პროცესი და ხასიათდება გარკვეული ცვლილებებითაც; ძირითადად ეს პროცესი ახალგაზრდობის დროს სრულდება. მეცნიერები ასევე გამოყოფენ იდენტურობის დაკარგვის, შელახვის შესაძლებლობასაც, რომელიც ძირითადად ინდივიდის ასაკობრივი, ფსიქოლოგიური კრიზისის ან სოციალურკულტურული გარემოს მკვეთრად შეცვლის შემთხვევაში რეალიზდება. მაშასადამე, იდენტურობის დაკარგვა თანამდევია ისეთი მოვლენებისა როგორიცაა გაუცხოება, დეპერსონალიზაცია, ანომია, პიროვნული დისორიენტაცია, სოციალური იზოლირება, გაორება (მარგინალიზაცია), ფსიქოლოგიური პათოლოგია. სოციალურ-კულტურული კულტურული ცვლილებების დროს იდენტურობის კრიზისმა შეიძლება ფართო, საყოველთაო მასშტაბები მიიღოს, თუმცა მას ზოგჯერ დადებით რეზულტატამდეც მივყავართ (როგორიცაა ცვლილებებისადმი ადაპტაცია, სტრუქტურული ცვლილებები და სხვ.). იდენტურობის მექამიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში. მრავალი მეცნიერი უპირატესობას ანიჭებს ტერმინს „იდენტიფიკაცია“, ვიდრე „იდენტურობა“. პირველი თავად პროცესსაც გულისხმობს და არა მარტო მოვლენას. ტერმინი პირველად ხმარებაში ფსიქოანალიზმის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა შემოიღო. მისი სკოლა იდენტიფიკაციას „მეს“ თვითგანვითარების მთავარ, ცენტრალურ მექანიზმად მოიაზრებს. იდენტიფიკაციის ცნებას ასევე აქტიურად იყენებენ სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევრები როგორც სოციალიზაციის, სოციალური როლების, ადაპტაციის, მიღების, სოციალურ-კულტურული მოდელების ათვისების მთავარ ელემენტს.Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.